top of page

ტერფების კანის მოვლა

შეგიმჩნევიათ, რა ემართება თქვენი ტერფების კანს ზამთრის ფეხსაცმლის და ფუმფულა სახლის ჩუსტების ტარების შემდეგ? არადა, მალე ღია ფეხსაცმლის სეზონი მოდის...

თუ თქვენც ამზადეთ ტერფებს გამოსამზეურებლად, ეს სტატია აუცილებლად გამოგადგებათ.

 

ამ ბლოგში განვიხილოთ, ტერფის კანის მოვლა, ყოველდღიური პროცედურები, მექანიკური და ქიმიური პილინგი და დატენიანების ეფექტური მეთოდები.


ხელებისა და ტერფების ნაზი, მოვლილი კანი





























დაბანა

 

ფეხის კანი განსაკუთრებით მოწყვლადია ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ. დღის უმეტესი ნაწილი, ფეხსაცმელს ვატარებთ, ტერფი ოფლიანდება და ვერ სუფთავდება, შედეგად, იქმნება ბაქტერიების და მიკოზების გამრავლებისთვის ხელშემწყობი გარემო პირობები, განსაკუთრებით, თითებს შორის არეებში.

ძალიან მნიშვნელოვანია, ტერფების ყოველდღიური დაბანა - დღის მანძილზე დაგროვებული ჭუჭყის, ბაქტერიების და ოფლის ჩამობანა. სასურველია გამოიყენოთ „რბილი“, ნეიტრალური ph-ის მქონე დასაბანი საშუალება, დამატენიანებელი კომპონენტებით.

 

ტერფების კანის ექსფოლიაცია


ტერფის ჰიგიენის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ექსფოლიაცია, რაც გაუხეშებული, მკვდარი უჯრედების აქერცლას გულისხმობს. ექსფოლიაცია შესაძლოა იყოს მექანიკური და ქიმიური.

მექანიკური პილინგი ტარდება პემზის ქვის, აბრაზიული ქლიბის, ელექტროქლიბის ან უხეში ხელთათმანის საშუალებით.



რა არის ტერფის ქიმიური პილინგი?


ქიმიური პილინგი ექსფოლიაციის ფორმაა, რომელიც უმეტესად შეიცავს ალფა ჰიდროქსი მჟავას, გლიკოლის ან რძის მჟავას. ამ ტიპის პილინგის კანზე დატანის შემდეგ, აშრევებას იწყებს გარქოვანებული ეპიდერმისი და სტიმულირდება ახალი, ჯანსაღი კანის ზრდა.

ტერფის ქიმიური პილინგი დაგეხმარებათ, თუ გაწუხებთ:

  • კოჟრები

  • მშრალი კანი

  • გაუხეშებული, გასქელებული კანი ქუსლებზე

 

როგორ მოქმედებს ქიმიური პილინგი?


ქიმიური პილინგის შედეგი არ ჩანს პროცედურის დასრულებისას და პირველ დღეებში სხვაობას ვერც შენიშნავთ. რამდენიმე დღეა საჭირო, რომ ქიმიურმა პილინგმა „იმუშაოს“, დაიწყოს მკვდარი ეპიდერმისის აქერცლა და გამოჩნდეს ჯანსაღი და ნაზი კანი. არ ეცადოთ პროცესის დაჩქარებას მექანიური საშუალებებით (პემზით, ქლიბით ან სხვა ინსტრუმენტით). პროცედურიდან 7-10 დღეში აშრევებას იწყებს მკვდარი ეპიდერმისი. ამ დროს, უმჯობესია, წინდები ატაროთ.

ქიმიური პილინგის გამოყენებამდე, აუცილებლად გაეცანით კონკრეტული პროდუქტის ინსტრუქციას და ზედმიწევნით დაიცავით იგი. პროცედურის შემდეგ, სასურველია დამატენიანებელი ლოსიონის გამოყენება და წინდების ტარება.

ტერფის ქიმიური პილინგების გამოყენება არ შეიძლება, თუ ანამნეზში აღინიშნება ეკზემა, ფსორიაზი, კონტაქტური დერმატიტი, ქავილი, სიწითლე, წყლულები, ნახეთქები, სოკოვანი ინფექცია.

ქიმიური პილინგის გამოყენება დასაშვებია ყოველ 6-8 კვირაში, ერთხელ. უმჯობესია, ეს პროცედურა წლის ცივ სეზონზე ჩატარდეს, როდესაც ღია ფეხსაცმელს არ ვიყენებთ ან სანაპიროზე ფეხშიშველი არ დავდივართ.

გოგონა იტარებს ხელებისა და ტერფების ქიმიურ პილინგს გაუხეშებული, მკვდარი კანის მოსაშორებლად



























დაბანის შემდეგ


ნესტი, საუკეთესო გარემოა, სოკოვანი ინფექციის განვითარებისთვის. დაბანის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიმშრალოთ ტერფები სრულ გაშრობამდე, განსაკუთრებით კი, თითებს შორის არეები. გამოიყენეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული პირსახოცი, რომელიც წყალს კარგად იწოვს. ნუ გამოიყენებთ ფეხების პირსაცხოცს სხეულის სხვა ნაწილების გასამშრალებლად. 

  

დატენიანება


არ გამოგრჩეთ დატენიანების ეტაპი. არასაკმარისი დატენიანება იწვევს კანის გაუხეშებას, აქერცლას და ნახეთქებს. ტერფის მშრალი და დახეთქილი კანი ზრდის ინფექციისა და ანთებითი პროცესების განვითარების რისკს, ამიტომ ტერფის კანის ინტენსიური დატენიანება და კვება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

 

კრემი, ცალკე ტერფებისთვის, შეიძლება მარკეტინგულ ხრიკად მოგეჩვენოთ, თუმცა ასეთი პროდუქტის არსებობა ყოველდღიურ რუტინაში აუცილებლობას წარმოადგენს და ახლა აგიხსნით, რატომ.

სიარულის, დგომის, ფიზიკური დატვირთვის, ვარჯიშის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას, ჩვენი წონა დიდ ზეწოლას ახდენს ტერფებზე. ასეთი დატვირთვის გადასატანად, ტერფის კანის საფარველი, სხეულის სხვა ნაწილების კანთან შედარებით, ხდება სქელი და უხეში. ტანის ჩვეულებრივ კრემში შემავალი ნივთიერებების კონცენტრაცია, გაანგარიშებულია ნაზი კანის დასატენიანებლად და არასაკმარისია ტერფების გამომშრალი კანისთვის, რომელსაც განსაკუთებული შემადგენლობის საცხები ესაჭიროება.

 

შარდოვანა (Urea)

 

შარდოვანა (Urea) ტერფის მოვლის პროდუქტებში ყველაზე ეფექტური კომპონენტია, რომელიც თანადროულად აშორებს გარქოვანებულ კანს და ატენიანებს განახლებულ, ნაზ კანს. ქიმიური პილინგისგან განსახვავებით, იგი გამოიყენება ნახეთქების, ეკზემის, ფსორიაზის და მიკოზური (სოკოვანი დაავადებების) დროსაც კი.

შარდოვანა სახისა და სხეულის, ატოპიური კანის მოვლის, მრავალ პროდუქტში გვხვდება, თუმცა ამ საშუალებებში შარდოვანას შემცველობა 5-10%-ია. ტერფებისთვის უნდა გამოიყენოთ ისეთი პროდუქტები, რომლებშიც შარდოვანას კონცენტრაცია ბევრად მაღალი იქნება (Urea 40%, Urea 60%).


გაუხეშებული, გასქელებული კანი ქუსლებზე


























შარდოვანას უპირატეობები


  • ძლიერი დატენიანება: აკავშირებს წყლის მოლეკულებს ერთმანეთთან და იზიდავს მათ კანისკენ;

  • გარქოვანებული კანის ნაზი აქერცლა: შარდოვანას აქვს უნარი, შეაღწიოს გასქელებულ, უხეშ კანში, მათ შორის კოჟრებშიც. ეფექურია ნახეთქების, ეკზემის, ფსორიაზის დროსაც;

  • ანტიფუნგალური მოქმედება: შარდოვანა ხშირად გამოიყენება სოკოვანი წარმოშობის დაავადებების მკურნალობაში. შარდოვანას კრემს შეუძლია დაარბილოს, მიკოზის შემდეგ გასქელებული, ფრჩხილის ფირფიტაც კი.

  • შარდოვანა ხელს უწყობს, ანტიფუნგალური საშუალებების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, შეაღწიონ კანში.

 

 

 

 

 

 

댓글


bottom of page