top of page

მეზოროლერი

Updated: Sep 16, 2023

მეზოროლერი - კანის მოვლის ინოვაციური საშუალება - ესაა ინსტრუმენტი უწვრილესი ნემსებით.

მეზოროლერის მიკრონემსები აღწევს კანის დერმალურ და ეპიდერმალურ შრეებში და ამ მიკროდაზიანების გზით იწვევს კანის უჯრედების დამცველობითი ფუნქციის სტიმულაციას. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს უჯრედშორისი სითხის შემადგენლობის ნორმალიზებას, კანის უჯრედებში იწყება კოლაგენის წარმოქმნა, კანის საფარის სიმკვრივე იმატებს 8-10%-ით. ასევე, კანის მიკროარხებში პრეპარატები და ვიტამინები აღწევს ღრმა შრეებში დროის მინიმალურ მონაკვეთში.


მეზოროლერის ნემსების სიგრძე ვარირებს 0,2 მმ-დან 1,5 მმ-მდე. მეზოროლერი გამოიყენება როგორც ექიმი კოსმეტოლოგების მიერ სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე აპარატის დამზოგველი მოქმედება ხდის მას უსაფრთხოს სახლში გამოსაყენებლადაც.



მოქმედების მექანიზმი

  • ფიბრობლასტების (კანის უჯრედების) სტიმულაცია მათი მიკროტრავმირების გზით. შედეგად ფიბრობლასტების მიერ გამომუშავდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - კოლაგენი და ელასტინი;

  • მიკროცირკულაციის გაუმჯობესება;

  • რეგენერაციის სტიმულაცია;

  • სერუმების და ვიტამინიზებული შრატების უფრო ღრმა შეღწევადობა კანის შრეებში.



რას უმკლავდება პროფესიონალური და „სახლის“ მეზოროლერი?


პროფესიონალურ მეზოროლერებს აქვთ 0,5-1,5 მმ სიგრძის ნემსები. მათი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ კოსმეტოლოგებს პროცედურულ კაბინეტში. სახლის პირობებში სახის და ყელის არეებზე გამოსაყენებლად რეკომენდებულია მეზოროლერები 0,2-0,5 მმ სიგრძის ნემსებით.


მეზოროლერი გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად და გასაუმჯობესებლად:

  • ნაწიბურები - პოსტოპერაციული და დამწვრობის შემდგომი ნაწიბურები, მექანიკური დაზიანებების შემდგომი ნაწიბურები;

  • პოსტ-აკნე;

  • კანის დაბერების შესანელებლად, კანის საფარის ღრმა დატენიანებისთვის, ნაოჭების სიღრმის და რაოდენობის შესამცირებლად;

  • პიგმენტური ლაქების გაღიავება, განსაკუთრებით C ვიტამინის შემცველ შრატებთან კომბინაციაში;

  • კანის რელიეფის გაუმჯობესება-გათანაბრება;

  • სახის ფერის, მისი სიმკვრივის და ტონუსის გაუმჯობესება;

  • სხეულზე მოშვებული კანის და სტრიების შემცირება/გაქრობა;

  • თვალების ქვეშ „ტომრების“ და ნაკეცის გასასწორებლად;

  • სახის კონტურების (ოვალის) აღსადგენად;

  • თავზე თმის ზრდის სტიმულაციისთვის;

  • ფორების შესავიწროვებლად;


მეზოროლერის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ

  • მასალა, რისგანაც არის დამზადებული მიკრონემსები. ისინი უნდა იყოს ჰიპოალერგიული და უჟანგავი. ასეთია უჟანგავი მეტალი, ტიტანის ან სამედიცინო შენადნობი.

  • ნემსების სიგრძე - თვალების გარშემო ზონებზე სამუშაოდ უნდა გამოვიყენოთ ყველაზე მოკლე ნემსებიანი მეზოროლერი - 0,2 მმ (ქუთუთოებზე მეზოროლერი არ გამოიყენება!); სახისთვის - 0,2-0,5 მმ; სხეულის და თავის კანზე სამუშაოდ - 1 მმ. უფრო გრძელი ნემსებით მუშაობენ მხოლოდ სპეციალისტები. ნემსის სიგრძის შერჩევისას, ასევე, გასათვალისწინებელია კანის ტიპი - თუ კანი ძალიან მგრძნობიარეა, სასურველია 0,2-0,3 მმ სიგრძის ნემსების მქონე როლერის არჩევა. უხეში ნაწიბურებისთვის კი -0,5-0,75 მმ ნემსებიანი როლერი.

  • ნემსების რაოდენობის და როლერის სიგანის თანაფარდობა - სახლში გამოსაყენებლად სასურველია შეირჩეს საშუალო სიგანის (1,5-2,0 სმ) როლიკიანი როლერი მასზე განლაგებული საშუალო რაოდენობის ნემსებით (200-540 ცალი). თავის თმიანი ნაწილისთვის რეკომენდებულია უფრო ფართე როლიკი (3-4 სმ) 1-1.5 მმ სიგრძის ნემსებით. მათი რაოდენობა როლიკზე 720-1200 ცალი.


წინააღმდეგჩვენებები

  • რესპირატორული ინფექციები (ნებისმიერი გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - სისუსტე, ტემპერატურა, ხველა, გამონადენი ცხვირიდან);

  • ჰერპესის ვირუსის გამწვავების ფაზა;

  • ეპილეფსია;

  • ტკივილის დაბალი ზღვარი;

  • კანის დაავადებები - ნებისმიერი დერმატიტი, ფსორიაზი;

  • კანის ტრავმები - ნაფხაჭნი, ჭრილობა, გამონაყარი, აქტიური აკნე;

  • კუპეროზი - მხოლოდ კოსმეტოლოგთან კონსულტაციით

  • ანტიკოაგულანტების მიღება, სისხლის შედედების უნარის დარღვევა;

  • მიდრეკილება კელოიდური ნაწიბურების წარმოქმნისკენ;

  • სომატური დაავადებები - არაკომპენსირებულ სტადიაში;

  • ონკოლგიური დაავადებები ანამნეზში;

  • ორსულობა, ლაქტაცია.


როგორ გამოვიყენოთ მეზოროლერი

  1. დარწმუნდით, რომ არ გაქვთ მეზოროლერის გამოყენებისვთის წინააღმდეგჩვენებები;

  2. გაისუფთავეთ სახე. სასურველია ქაფით და ტონიკით გაწმენდის შემდეგ სახე გაიწმინდოთ ქლორჰექსიდინით, მირამინსტინით ან ნებისმიერი უალკოჰოლო (უსპირტო) ანტისეპტიკური ხსნარით;

  3. უშუალოდ გამოყენების წინ, გაასუფთავეთ მეზოროლერი, დაამუშავეთ ქლორჰექსიდინით - 30 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ხსნარში;

  4. გაატარეთ მეზოროლერი მასაჟის ხაზებზე 5-10-ჯერ ყველა მიმართულებით - ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად, ირიბად. მიმართულების შეცვლისას მეზოროლერი აუცილებლად მოაშორეთ კანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ კანზე შემოტრიალებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ტრავმირება. მთლიანი პროცედურა გრძელდება 5-7 წუთი.

  5. არ დააწვეთ კანს, როლერი უნდა მოძრაობდეს მსუბუქად, ზეწოლის გარეშე.

  6. პროცედურის შემდეგ სახეზე დაიტანეთ სასურველი სახის კრემი ან ნიღაბი. შესაძლებელია პანთენოლის შემცველი კრემის გამოყენებაც.

  7. გარეცხეთ მეზოროლერი გამდინარე წყალში, გააშრეთ ჰაერზე, დაამუშავეთ სპირტით და შეინახეთ თავის ყუთში.


რეკომენდაცია:


მეზოროლერი ძალიან ეფექტური გაჯეტია კანის მრავალ პრობლემასთან საბრძოლველად, მაგრამ აუცილებელია მისი სწორად გამოყენება, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება და შესრულება:


  • მეზოროლერი არის მხოლოდ ინდივიდუალურად გამოსაყენებელი საშუალება. ერთ მეზოროლერს იყენებს მხოლოდ 1 ადამიანი! მისი გაზიარება ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან დაუშვებელია!

  • მეზოროლერის ნემსები დროთა განმავლობაში ბლაგვდება. ერთი როლერი ყოფნის 6-10 პროცედურას, შემდგომ აუცილებელია შევცვალოთ როლერი;

  • ნუ გააკეთებთ მეზოროლერის გამოყენებისას მკვეთრ და ინტენსიურ მოძრაობებს-ზედმეტმა ტრავმატიზაციამ შეიძლება გამოწვიოს ჭრილობა ან ნაწიბური.

  • ნუ ჩაიტარებთ კვირაში 1-2 პროცედურაზე მეტს;

  • არ ჩაიტაროთ პროცედურა დილით, თუ გეგმავთ სახლიდან გასვლას. პროცედურის შემდეგ კანი შეწითლებულია და მგრძნობიარე. სასურველია პროცედურის ჩატარება საღამოს, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე;

  • თუ იყენებთ 0,2-0,3 მმ-ზე მეტი სიგრძის ნემსებს, შრატი უნდა იყოს აუცილებლად ამპულირებული და სტერილური. სხვა შემთხვევაში, დასაშვებია ნებისმიერი შრატის გამოყენება;

  • ნუ ასცდებით ორბიტის ძვლის ხაზს. დაუშვებელია მუშაობა უშუალოდ ქუთუთოების კანზე და ტუჩებზე გამოყენება;

  • მეზოროლერის დავარდნის შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს მისი მიკრონემსები, რაც გამოიწვევს კანის ტრავმირებას, ამიტომ აპარატი აუცილებლად უნდა შეიცვალოს;

  • არ გაატაროთ მეზოროლერი ხალებზე;

  • პროცედურიდან 5-7 დღის მანძილზე (სეზონის მიუხედავად) აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება;

  • პროცედურის შემდგომ აკრძალულია ცხელი აბანოს, საუნის, სოლარიუმის გამოყენება.


მეზოროლერის გამოყენების ინსტრუქცია

მეზოროლერის გამოყენება შუბლზე




მეზოროლერის გამოყენება შუბლის ნაოჭის პრევენციისთვის




მეზოროლერის გამოყენება ლოყაზე




მეზოროლერის გამოყენება ცხვირ-ტუჩის ნაოჭის პრევენციისთვის



Comments


bottom of page