top of page

კუპეროზი: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები

Updated: Aug 20, 2023

კანის სიწითლე არ არის მხოლოდ მორცხვობის ნიშანი, ხშირ შემთხვევაში იგი შესაძლოა კუპეროზზე მიგვანიშნებდეს.

კუპეროზი - სისხლძარღვების პათოლოგიაა, რომელსაც თან ერთვის სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა და კაპილარების სიმყიფე. კუპეროზი უფრო ხშირად ქალებში ვითარდება, ვიდრე მამაკაცებში, ასევე ღია ფერის კანზე მეტად შესამჩნევია, ვიდრე მუქი ფერის კანზე.


ამ სტატიიდან შეიტყობთ, თუ რატომ ჩნდება კუპეროზი და შესაძლებელია თუ არა მისი მკურნალობა.


კუპეროზის მიზეზები


კუპეროზს არ განიხილავენ ცალკეულ დაავადებად. იგი გაფართოებული სისხლძარღვების და კაპილარების სისუსტის მხოლოდ გარეგნული გამოვლინებაა. სიწითლე მუდმივი არ არის და გამოვილინდება რეაქციის სახით სხვადასხვა გამღიზიანებელზე.


დიაგნოზის დასმამდე კანის სიწითლე შესაძლოა მიაწერონ:

  • ზედმეტ ემოციურობას;

  • ალერგიას სიცივეზე;

  • წამოხურებას;

  • არტერიული წნევის ცვალებადობას.

სისხლძარღვების გაფართოებას, რომელიც ანთებით პროცესთან არ არის კავშირში, ტელეანგიექტაზიები ეწოდება. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების სახით.

ასეთი ვარსკვლავების გამოვლენისას აუცილებელია დადგინდეს, თუ რამ მოახდინა სისხლძარღვებზე ნეგატიური გავლენა.


ტელეანგიექტაზიები, კაპილარული ვარსკვლავები კანზე|Dermis.ge

დერმის ღრმა შრეებში არის კანქვეშა არტერიების და ვენების ქსელი. უშუალოდ ეპიდერმისის ქვეშ კი, გადიან წვრილი კაპილარები, რომლებსაც მტვრევადობა ახასიათებთ. ამ კაპილარების დაზიანება იწვევს კანის სიწითლეს. სახის კანი - შედარებით თხელი და ელასტიურია, რის გამოც ეს ცვლილებები სახის კანზე განსაკუთრებით თვალშისაცემია. ნორმაში კანქვეშა სისხლძარღვის დიამეტრი 5-10 მიკრონია. სისხლძარღვების დიამეტრის მარეგულირებელი, ვაზოაქტიური ნივთიერებების ბალანსის დარღვევის დროს სისხლძარღვები 10-ჯერ უფრო მეტად ფართოვდება.


კუპეროზის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • გენეტიკური

  • გულ-სისხლძარღვოვანი

  • ჰორმონალური

  • საჭმლის მომნელებელი

  • აუტოიმუნური ცვლილებები

ცაკლე განიხილება როზაცეა - კანის დაავადება, რომლის ერთ-ერთი ფაზაც გამოვლინდება მრავლობითი ტელეანგიექტაზიებით. მისი ეტიოლოგია დღემდე არაა დადგენილი.


დამატებითი რისკ-ფაქტორები


კუპეროზი შეიძლება იყოს გენეტიკური. ამ დროს სიმპტომები ვლინდება მოულოდნელად და უმეტესად, არ არის დაკავშირებული გარე ფაქტორებთან. უფრო ხშირ შემთხვევაში, კუპეროზი შეძენილია.

სისხლძარღვების სისუსტე შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ჰორმონალურმა ვასკულიტმა;

  • სისხლის შედედების დარღვევამ;

  • ჰიპერტონიამ;

  • სკლეროდერმიამ;

  • საკვერცხეების ან ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამ;

  • დისბაქტერიოზმა;

  • გასტრიტმა;

  • პანკრეატიტმა.

მდგომარეობის დამძიმების მიზეზი შესაძლოა გახდეს ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ხანგრძლივი სტრესი, ასევე ორსულობა და მენოპაუზა. განსაკუთრებით ძლიერი ტრიგერებია ალკოჰოლი, ულტრაიისფერი სხივები და კოფეინი.


სიმპტომები


კუპეროზის ძირითადი სიმპტომი ტელეანგიექტაზიებია. ისინი ვითარდებიან ერთბაშად, ქრებიან რამდენიმე ეტაპად:

  • პერიოდული თანაბარი სიწითლე შესამჩნევი სისხლძარღვოვანი ქსელის გარეშე;

  • ვარდისფერი ან წითელი ვარსკვლავები;

  • მოცისფრო-მოიისფრო ქსელი (სისხლის შეგუბების გამო).

ტელეანგიექტაზიები უმეტესად ვლინდება ლოყებზე, ცხვირის ფრთებზე, შუბლზე და ნიკაპზე. ზოგჯერ ტელეანგიექტაციები გვხვდება სხეულზე და კიდურებზე. ქსელი ფეხებზე დიდი ალბათობით, მიუთითებს არა კაპილარების, არამედ ვენების გაფართოებაზე (ვარიკოზზე).

კანის ზოგადი მდგომარეობაც უარესდება, რადგან კანის კვებას სისხლძარღვები უზრუნველყოფენ. კანი კარგავს სიმკვრივეს, ელასტიურობას, რადგან მკვეთრად მცირდება კოლაგენის სინთეზი. კაპილარების გაფართოების ზონაში შესაძლოა აღინიშნებოდეს ქავილი.



კუპეროზის დიაგნოსტიკა


სიმპტომის გამოვლენისთანავე, დიაგნოსტიკისთვის საკმარისია დერმატოლოგთან ვიზიტი.

კუპეროზი, კაპილარები ლოყაზე, ცხვირზე, ნიკაპზე|Dermis.ge

საწყის სტადიაზე დიაგნოსტიკისთვის იყენებენ დერმატოსკოპს, რომელიც ძალიან წვრილი სისხლძარღვოვანი ქსელის აღმოჩენის საშუალებას იძლევა, თუმცა აუცილებელია დამატებითი გამოკვლევების ჩატარება სისხლძარღვების გაფართოების მიზეზების დასადგენად:

  • სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;

  • ჰორმონალური სკრინინგი;

  • ფარისებრი ჯირკვლის და მუცლის ღრუს ექოსკოპია;

  • ელექტროკარდიოგრამა;

  • ანგიოგრაფია.

კუპეროზის გამომწვევი ძირითადი დაავადების გამოვლენა ეფექტური მკურნალობის წინაპირობაა.


კუპეროზის მკურნალობა


ყველაზე ეფექტურია იმ დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია სისხლძარღვების გაფართოება. პაციენტების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ხანგრძლივი დროის მანძილზე სისხლძარღვოვან ვარსკვლავებს ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ მაშინ მიმართავს ექიმს, როცა პროცესი შეუქცევადი ხდება.

ეპიზოდური ერითემის დროს შესაძლებელია მატონიზებელი მალამოებით და ვიტამინებით გახვიდეთ ფონს. უფრო განვითარებულ სტადიაზე საჭირო ხდება სისხლძარღვოვანი ქსელის მოშორება, რასაც ახორიელებენ სხვადასხვა მეთოდით:

  • ელექტროკოაგულაცია

  • ფოტოთერაპია

  • ლაზერული თერაპია

  • კოაგულაცია რადოტალღებით;

  • ოზონოთერაპია.

კანის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ბიორევიტალაციას და მეზოთერაპიას. ეს მეთოდები აუმჯობესებს მკროცირკულაციას და ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს.


სისლძარღვების კოაგულაცია კუპეროზის დროს


კოაგულაცია აშორებს სისხლძარღვოვან ვარსკვლავებს და ქსელს კოსმეტიკური ეფექტის გასაუმჯობესებლად. კოაგულაციას ახორციელებენ რადიოტალღებით ან ელეტრო დენით. დაზიანებულ ზონას აცხელებენ ლოკალურად გაფართებული სისხლძარღვის „შესადუღებლად“.

პროცედურის ხანგრძლივობა 20-60 წუთია. გაცხელების შედეგად წვრილ სისხლძარღვს სისხლი აღარ მიეწოდება, რის შედეგადაც, ქრება ტელეანგიექტაზიები.

ეს მეთოდი შეუთავსებელია, თუ სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების რაოდენობა ძალიან ბევრია. თერაპია რადოტალღებით და ელექტროდენით ნემსის საშუალებით ხორციელდება, მრავალრიცხოვანი ჩხვლეტა კი, შექმნის დამატებით კოსმეტიკურ დეფექტს.


ლაზერული მკურნალობა


ამ მეთოდის პრინციპი კოაგულაციის ანალოგიურია, თუმცა დაზიანებული ზონების დამუშავება ხდება ლაზერის საშუალებით, ჩხვლეტის გარეშე. ლაზერული სხივი შედის კანში ისე, რომ არ ტოვებს მიკროტრავმებს, ხოლო სისხლძარღვის შიგნით შთაინთქმება ჰემოგლობინის საშუალებით. ამ პროცედურის ჩატარება შესაძლებელია შორს წასულ შემთხვევებშიც, დიდ ფართობზე. ლაზერული კოაგულაციის ხანგრძლივობა 15 წუთია.


კუპეროზისკენ მიდრეკილი სახის კანის მოვლა


რამდენად ეფექტურიც არ უნდა იყოს ლაზერული თერაპია, ახალ მაპროვოცირებელ ფაქტორთან ერთად, სახე კვლავ დაიფარება ტელეანგიექტაზიებით. კუპეროზის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კანის მოვლის შესაბამის რუტინას.


  • დაიბანეთ სახე კომფორტული ტემპერატურის წყლით (არც ცივი, არც ცხელი). აკრძალულია კონტრასტული შხაპის მიღება;

  • გამოიყენეთ მხოლოდ ნეიტრალური PH-ის მქონე კოსმეტიკური საშუალებები;

  • არ გამოიყენოთ სკრაბები;

  • დააკვირდით კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების შემცველობას, არ შეიძლება ალკოჰოლის შემცველი პროდუქტის გამოყენება;

  • გამოიყენეთ კანის მკვებავი კრემები, რომლებიც შეიცავს ზეთებს, ლანოლინის მჟავას და ვიტამინებს;

  • სალონური პილინგები (როგორც მექანიკური, ასევე ქიმიური), ასეთი მგრძნობიარე კანისთვის, წინააღმდეგნაჩვენებია;

  • მასაჟი: დასაშვება მხოლოდ პლასტიური მასაჟი. უფრო აგრესიულმა მეთოდებმა შესაძლოა სისხლძარღვების დაზიანება გამოიწვიოს;

  • კაპილარების პროტექტორი მედიკამენტების მიღება;

  • ცხოვრების ჯანსაღი წესი;

  • შეეცადეთ, აირიდოთ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები;

  • მნიშვნელოვანია, ენდოკრინული სისტემის რეგულარული სკრინინგი და მკურნალობა.


რომელი ვიტამინები გვეხმარება კუპეროზის დროს?


მგრძნობიარე კანს სჭირდება დამატებითი კვება ვიტამინებით:


K ვიტამინი - სისხლძარღვების კედლებს მატებს სიმკვრივეს;

P ვიტამინი - სისხლძარღვების კედლების უნარჩუნებს ტონუსს, ხელს უშლის სისხლძარღვების მტვრევადობას;

C ვიტამინი - მატებს სისხლძარღვებს ელასტიურობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.


კოსმეტიკური პოდუქტის შერჩევისას, ყურადღება შეაჩერეთ ამ ვიტამინების შემცველ საშუალებებზე. ასევე, რაციონში ჩართეთ K, P და C ვიტამინის შემცველი პროდუქტები: ოხრახუში, ნიახური, კარტოფილი, ავოკადო, ბანანი, ციტრუსები და ა.შ.


Comentarios


bottom of page