top of page

თმის ცვენა: მიზეზები, დიაგნოსტიკა, მკურნალობის მეთოდები

ყოველდღიურად თმის 100 ღერის ცვენა ნორმად ითვლება. თმის გაძლიერებულად ცვენა შესაძლოა მიუთითებდეს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე. პაციენტი ამჩნევს, რომ დიდი რაოდენობის თმა რჩება სავარცხელზე, საწოლის თეთრეულზე, პირსახოცზე, აბაზანაში ბანაობის შემდეგ.


თმის ყველა ღერი ერთდროულად არ იზრდება. თმას აქვს ზრდის სამი ფაზა: ანაგენი, კატაგენი და ტელოგენი. თმის აქტიური ზრდის ფაზის, ანაგენის ხანგრძლივობა არის 2-დან 5 წლამდე. დღე-ღამის მანძილზე თმა იზრდება საშუალოდ 0,1-0,4 მმ-ით, ამასთანავე, ქალებს თმა უფრო სწაფად ეზრდებათ, ვიდრე მამაკაცებს. კატაგენის ფაზაში თმის ზრდა ნელდება და გრძელდება 4-დან 6 კვირამდე. ტელოგენის ფაზის დროს თმის სასიცოცხლო ციკლი სრულდება და ისინი ცვივა. ტელოგენი გრძელდება 2-3 თვის განმავლობაში და ამ პერიოდში იქმნება სასიკეთო გარემო ანაგენის ახალი ფაზის დასაწყებად.
მამაკაცი აკვრდება სარკეში თავის თმას, შეწუხებულია თმის ცვენის გამო

თმის ცვენის ტიპები


  • ანდროგენული, ან ანდროგენეტიკური ალოპეცია - ცვენის ყველაზე ხშირი ფორმა, რომელიც მამაკაცების 80%-ს და ქალების 50%-ს აღენიშნება.

  • დიფუზური ალოპეცია - უფრო ხშრად გხვდება ქალებში;

  • ფსიქოსომატური, ან ნერვული ალოპეცია;

  • ბუდობრივი ალოპეცია, რომელსაც განიხილავენ, როგორც აუტოიმუნურ დაავადებას;

  • ნაწიბუროვანი, ან ინფექციური ალოპეცია;

  • ასაკობრივი ალოპეცია;

  • სეზონური ალოპეცია.

თმის ღერის კვება დაირღვა, რამაც გამოიწვია მისი დაცვენა. სურათზე გამოსახულია თმის ცვენის ამსახველი პროცესი

თმის ცვენის შესაძლო მიზეზები


თმის ზრდის პათოლოგია (ნაწილობრივი ცვენა, სრული ცვენა, ჰირსუტიზმი, ჰიპერტრიქოზი) ვლინდება თმის ზრდის ციკლის დარღვევის გამო. თმის ცვენის მიზეზი, ყველაზე ხშირად, ანაგენის ფაზის დროზე ადრე დასრულება და კატაგენის ფაზის ადრეული დასაწყისია.

პუბერტატის პერიოდში, როდესაც ორგანიზმში იწყება ჰორმონალური ცვლილებები, აღინიშნება თმის ცვენა კანის ცხიმის მომატებული გამოყოფის გამო, რაც პუბერტატის დასრულების შემდეგ უმეტესად ნორმალიზდება. მამაკაცები გენეტიკურად მიდრეკილნი არიან თმის ცვენისადმი. მათი ფოლიკულის კაპილარები ხასიათდებიან მამაკაცური ჰორმონების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით. სქესობრივი მომწიფების დროს ანდროგენების მომატებისას იწყება თმის ცვენა თავის კანზე თმის ფოლიკულების სისხლძარღვების ძლიერი სპაზმის გამო. ამავე დროს, სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის, სახეზეც, ასეთ მამაკაცებს თმის ნორმალური ზრდა აღენიშნებათ, რაც ასევე ანდროგენების გავლენით აიხსნება.


ორსულობისას, ესტროგენების მომატებული სეკრეციის მიუხედავად, ბევრი ქალი უჩივის თმი ცვენას, განსაუთრებით მე-2 და მე-3 ტრიმესტრში. ორსულობის დროს, ორგანიზმი თითქმის ყველა საკვებ ნივთიერებას ნაყოფის ზრდისთვის იყენებს. მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა ტელოგენის ფაზაში მყოფი თმის რაოდენობის ზრდით აიხსნება. ჩვეულებრივ, მშობიარობიდან 4-6 თვეში თმის ზრდის ციკლი ნორმას უბრუნდება.

თმის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმაც. პაციენტებს, რომელებსაც დარღვეული აქვთ ცირკადული (ძილის რიტმი), მეხსიერება, აქვთ აკვიატებული მდგომარეობები, აღენიშნებათ თავის ტვინში ბიოპოტენციალების ცვლილება, რასაც თმის ფოლიკულების ტროფიკის დარღვევამდე მივყავართ.

თმის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება ეგზოგენური ფაქტორებიც (ინსოლიაცია, მშრალი ჰაერი, ცხელი ფენის, აგრესიული შამპუნების, საღებავების გამოყენება).

თმის ცვენის მიზეზი ასევე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთი მედიკამენტის მიღება (ანტიკოაგულანტები, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, თირეოსტატიკები, ანტიდეპრესანტები, ციტოსტატიკები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ინტერფერონ ალფას პრეპარატები, გულყრის საწინააღმდეგო, ანტიჰელმინთური, ჰერპესის საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, პერორალური კონტრაცეპტივების და ა.შ.).

ონკოლოგიური პაციენტების 80%-ს აღენიშნებათ თმის ცვენა ციტოსტატიკური პრეპარატებით მკურნალობის დაწყებიდან 10 დღეში.


ინფექციური, აუტოიმუნური, სისტემური დაავადებები, ენდოკრინული პათოლოგიები, ასევე მოქმედებს თმის გაძლიერებულ ცვენაზე.

ასაკის მატებასთან ერთად, თავის არეში თმის ზრდა შესაძლოა სტაბილური იყოს, მაგრამ ანაგენის ფაზა მიდრეკილია შემცირებისკენ. თმა ხდება თხელი და მტვრევადი.



თმის ცვენის გამომწვევი დაავადებები

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები;

  • აუტოიმუნური დაავადებები (კვანძოვანი ჩიყვი, იდიოპათიური ჰიპოპარათირეოზი, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი);

  • დერმატოლოგიური დაავადებები (სებორეა, ფსორიაზი, ეკზემა და სხვა);

  • შინაგანი ორგანოების ან სისტემების დაავადებები (გასტრიტი, კოლიტი, თირკმელების, ღვიძლის დაავადებები);

  • ავიტამინოზი;

  • ქრონიკული ინფექცია (ტონზილიტი, სინუსიტი, ჰაიმორიტი);

  • ციტომეგალოვირუსული ინფექცია;

  • სიფილისი;

  • ტუბერკულოზი;

  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.


რის ექიმს მივმართოთ:


თმის ცვენის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს ან ტრიქოლოგს. შესაძლოა დამატებით დაგჭირდეთ ენდოკრინოლოგის, თერაპევტის, გასტროენტეროლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, ფტიზიატრის, რევმატოლოგის კონცულტაციაც.


კონსულტაციისა და გამოკვლევების ჩატარების შემდგომ, სპეციალისტი დანიშნავს მკურნალობას და მოგცემთ რეკომენდაციებს.

მკურნალობის პერიოდში სასურველია თავი შეიკავოთ თმის შეღებვისგან, ქიმიური დახვევის ან გასწორებისგან, თმის დამჭიმავი ვარცხნილობებისგან.

დაბალანსებული კვება, კოფეინის შეზღუდვა (რომელიც სისხლძარღვოვან სპაზმს იწვევს), ცივ ამინდში ქუდის ტარება, აუმჯობესებს მკურნალობის შედეგს.


მკურნალობა


თმის ცვენის მკურნალობა მოიცავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც აუმჯობესებს მეტაბოლიზმს თმის ფოლიკულში - მეზოთერაპია, თავის მასაჟი, კლასიკური აკუპუნქტურა/აკუპრესურა, ელექტროპუნქტურა, ფიზიოთერაპიული მკურნალობის სხვადასხვა სახეობები.

თუ თმის ცვენა დაკავშირებულია ჰორმონალურ დარღვევებთან, დაინიშნება შესაბამისი ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია.

დერმატოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ცვენის დროს ინიშნება ანთებისსაწინააღმდეგო და სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა.

სტრესული მდგომარეობის დროს, სასურველია პაციენტმა დროულად მიმართოს ფსიქოთერაპევტს, მაქსიმალურად შეამციროს სტრესული ფაქტორები და მოაწესრიგოს ძილის რეჟიმი.

ფოტოზე გამოსახულია პაციენტი ქალი, რომელსაც ექიმი უტარებს ინექციურ პროცედურას თავის კანზე, თმის ცვენის სამკურნალოდ


Comments


bottom of page