top of page

თმის მოვლა - რჩევები ხშირი და ლამაზი თმისათვის

ჯანსაღი, მოვლილი, ხშირი თმა არა მხოლოდ ესთეტიურ სიამოვნებას, არამედ თავდაჯერებასაც გვმატებს.


ამ სტატიაში განვიხილოთ, თუ როგორ მოვუაროთ თმას სწორად.


1. განსაზღვრეთ თმის ტიპი

თმის სწორად მოვლა,პირველ რიგში, გულისხმობს თმის ტიპის შესაბამისი პროდუქტების შერჩევას.

თმა შეიძლება იყოს:

  • ცხიმიანი;

  • მშრალი;

  • ნორმალური;

  • კომბინირებული ტიპის.

თმის ტიპის გარდა, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ თმის მოვლის საშუალებების შერჩევისას: თმის ღერების მდგომარეობა (ჯანსაღია თუ დაზიანებული), ჩატარებულია თუ არა მათზე ქიმიური პროცედურები (შეღებვა, დახვევა, გასწორება), თავის კანის დაავადებები, ალერგიული რეაქციები და ა.შ.


2. დავარცხნა


ბავშვობიდან ნაცნობი პროცედურაა, მაგრამ მაინც გავიხსენოთ: თმის დავარცხნა აუცილებელია დილით და საღამოს, ძილის წინ, თუმცა სასურველია დღის განმავლობაშიც დაივარცხნოთ ხოლმე. ასევე, თმის დავარცხნა აუცილებელია თავის დაბანის წინაც. სველი თმის დავარცხნა არ შეიძლება.

თმა გაყავით რამდენიმე ზონად და დაიწყეთ დავარცხნა ბოლოებიდან და ნელ-ნელა ადით ძირებამდე. თუ რთულად ივარცხნება, შესაძლებელია ისეთი დამარბილებელი საშუალების გამოყენება, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება (სპრეი, თმის ზეთი).

გოგონა იხედება სარკეში და ივარცხნის თმას


შეარჩიეთ სავარცხელი სწორად

ხვეული ან დაუმორჩილებელი თმისთვის რეკომენდებულია ისეთი სავარცხლის გამოყენება, რომელსაც აქვს სხვადასხვა სიგრძის რბილი, კონუსის ფორმის კბილანები. ასეთი სავარცხელი ნაზად დავარცხნის აბურდულ ხვეულებს, ხელს უშლის ელექტრიზაციას და ანიჭებს თმას ჯანსაღ ბზინვარებას.

მასაჟის სავარცხელი განკუთვნილია თავის კანის მასაჯისთვის და თმის ძირებში სამკურნალო საშუალებების დასატანად.

სავარცხელი რკინის კბილანებით ხასიათდება ანტიბაქტერიული ეფექტით, ამიტომ გამოადგება მათ, ვისაც ქერტლი აწუხებს. ასეთ სავარცხელი რეკომენდებულია მხოლოდ მოკლე თმისთვის.

სავარცხელი ნატურალური ჯაგრისით და ხის ტარით რეკომენდებულია ბავშვის ნაზი თმის მოვლისთვის.


არ დაგავიწყდეთ სავარცხლის რეგულარულად გარეცხვა: კვირაში მინიმუმ 1-ზელ, ხოლო თუ თან ატარებთ, უფრო ხშირად. წელიწადში ერთხელ მაინც, სავარცხელი უნდა შეიცვალოს.


3. რეგულარულად ჩაიტარეთ თავის კანის ღრმა წმენდა


ბევრი თვლის, რომ პილინგი მხოლოდ თავი ცხიმიანი ტიპის თმისთვის არის განკუთვნილი, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ ნებისმიერი ტიპის თავის კანის რეგულარულ პილინგს.

დროთა განმავლობაში, კანზე გროვდება თმის ვარცხნილობისთვის გამოყენებული საშუალებები, ეპიდერმისის გარქოვანებული უჯრედები, მტვერი და სხვა, რის გამოც, ფერხდება თმის ძირების კვება და ჟანგბადით მომარაგება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თმის ცვენა, ქერტლი, ქავილი, თმის მტვრევადობა.

ღრმა წმენდისთვის განკუთვნილი პროდუქტები ნაზად აშორებს კანიდან გარქოვანებულ უჯრედებს. გარდა ამისა, აბალანსებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას, რაც ამცირებს თმის და თავის კანის ცხიმიანობას, აუმჯობესებს თმის ძირების კვებას და თმის ზრდას.

თავის კანის პილინგი სასურველია ჩატარდეს კვირაში ერთხელ, ხოლო ცხიმიანი კანის შემთხვევაში, კვირაში ორჯერ.


4. თავის სწორად დაბანა


თმის მოვლის კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობთ, თუმცა გარკვეული წესები მაინც გავიხსენოთ:

  • შამპუნი ჯერ ხელზე უნდა დაისხათ, ააქაფოთ, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიტანოთ თავზე, თმის ძირების ზონაში. ასე შამპუნი მოქმედებს უფრო დამზოგავად და არ აღიზიანებს თავის კანს.

  • შამპუნის მთელ სიგრძეზე განაწილება საჭირო არაა. საკმარისია მისი გამოყენება თმის ძირებში. ჩამობანვის დროს თმის დანარჩენი ნაწილიც სუფთავდება. ამ წესის დაცვა განსაკუთრებით მშრალი თმის მქონე ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი.

  • შამპუნი უმჯობესია დაიტანოთ 2-ჯერ და კარგად უნდა ჩამოიბანოთ, რათა თმას არ ჰქონდეს უსიცოცხლო და ცხიმიანი შესახედაობა.

  • ყურადღება მიაქციეთ წყლის ტემპერატურას: ძალიან ცხელმა წყალმა შესაძლოა დააზიანოს თმის სტრუქტურა. სასურველია დაიბანოთ ნეიტრალური 36-37 გრადუსიანი წყლით, ხოლო დაბანა დაასრულოთ ოდნავ გრილი წყლის გადავლებით. ეს თმას მიანიჭებს სირბილეს და ბრწინვალებას.

გოგონა იბანს თავს შამპუნით

5. გამოიყენეთ კონდიციონერი ყოველი დაბანის შემდეგ


კონდიციონერი უზრუნველყოფს თმის ღერის კუტიკულის დახურვას, რის გამოც თმა ხდება უფრო პრიალა და ნაკლებად მტვრევადი. ასევე, კონდიციონერი იცავს თმას გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან, ატენიანებს და არბილებს მათ, იცავს ელექრიზაციისგან და ამარტივებს დავარცხნას.


რამდენიმე რჩევა კონდიციონერის გამოყენებისას:

  • არ გამოიყენოთ კონდიციონერი თმის ძირებში. დაიწყეთ მისი დატანა თმის ძირებიდან რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ;

  • კონდიციონერის გამოყენებამდე ოდნავ შეიმშრალეთ თმა პირსახოცით;

  • არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი - დიდი რაოდენობის პროდუქტის გამოყენება არ გააძლიერებს დადებით ეფექტს, არამედ გამოიწვევს თმის მოცულობის შემცირებას და ცხიმიანობას.

  • არ დაიტოვოთ კონდიციონერი თმაზე რეკომენდებულ დროზე დიდხანს (მითითებულია ყველა პროდუქტის შეფუთვაზე). საშუალოდ 2-3 წუთი.

  • კონდიციონერი კარგად უნდა ჩამოიბანოთ!


6. რეგულარულად გაიკეთეთ ნიღბები


სწორად შერჩეული ნიღაბი მიანიჭებს თმას სალონური მოვლის ეფექტს.

  • თმის ნიღბები რეკომენდებულია გამოიყენოთ კვირაში ორჯერ.

  • ნიღაბი დაიტანება სუფთა, პირსახოცით ოდნავ გამშრალ თმაზე;

  • ისევე, როგორც კონდიციონერი, ნიღაბიც დაიტანება ძირებიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით, თუმცა არსებობს ნიღბები სპეციალურად თმის ძირებისთვისაც, რომლებიც მოქმედებს თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.

  • პროდუქტი კარგად უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით;

  • ნიღაბი კონდიციონერს არ ანაცვლებს: ნიღბის დანიშნულება ინტენსიური მოვლაა, მაგრამ კუტიკულას იგი არ ხურავს. ამიტომ, არ გამოტოვოთ კონდიციონერი.


7. პროდუქტები, რომლებიც არ საჭიროებენ ჩამობანას


საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ რუტინაში მოვლის დამატებითი საფეხური: პროდუქტები, რომლებიც არ საჭიროებენ ჩამობანას: ფლუიდი, ესენცია, შრატი, ტონიკი, ფილერი და ა.შ. მათ სხვადასხვა დანიშნულება აქვს და ირჩევა ინდივიდუალურად, კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად. ამ პროდუქტების უმრავლესობას აქვს მსუბუქი ტექსტურა და ქმნიან შეუმჩნეველ დამცავ შრეს თმის ზედაპირზე, რითაც ხელს უშლიან ზდმეტი სითხის აორთქლებას (თმის გამოშრობას), მათ ელექტრიზაციას, უზრუნველყოფენ ჯანსაღ ბრწყინვლებას და თერმოდაცვას.

პროდუქტები, რომლებსაც ჩამობანა არ სჭირდებათ, რეკომენდებულია დაიტანოთ თმის სიგრძეზე. არსებობს პროდუქებიც რომლებიც დაიტანება უშუალოდ თავის კანზე და უზრუნველყოფს ფოლიკულების „გააქტიურებას“, ებრძვის თმის ცვენას და არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.

ქალი იწვეთებს თმის შრატს თავის კანზე

8. არ შეგეშინდეთ ზეთის გამოყენების


თმის ზეთი იდეალური საშუალებაა თმის გაყოფისკენ მიდრეკილი ბოლოებისთვის. ზოგიერთი ზეთი შეიძლება გამოიყენოთ თავის კანზეც, მაგალითად ჟოჟობას, ყურძნის ზეთი არეგულირებს თავის კანზე ცხიმის გამომუშავებას. ყველა ტიპის თმისთვის სპეციალისტები არგანის ზეთის უწევენ რეკომენდაციას. არგანის ზეთი უბრუნებს თმას ჯანსაღ ბზინვარებას, იცავს მათ გარე მავნე ფაქტორებისგან, ააქტიურებს თმის ზრდას და ებრძვის ცვენას.

ქალი იწვეთებს თმის ზეთს თმის ბოლოებზე

9. არ დააზიანოთ თმა გაშრობის დროს


თმის დაზიანება შესაძლებელია არა მხოლოდ თერმული, არამედ ბუნებრივად შრობის დროსაც კი.


არ შეიძლება:

  • არ შეიძლება თმის პირსახოცით უხეშად გამშრალება;

  • არ შეიძლება პირსახოცში თმის შეხვევა. ეს ჩვევა აუარესებს თავის კანში სისხლის მიმოქცევას და თმის კვებას, თმა ხდება თხელი, მტვრევადი.

ფოტოზე ჩანს ქალი, რომელსაც სველ თმაზე შემოხვეული აქვს პირსახოცი

როგორ გავიშროთ სწორად:

  • ნაზად შეიმშრალეთ თმა პირსახოცით, ან უმჯობესია, კოტონის ნაჭრით და გაიშრეთ გაშლილ მდგომარეობაში;

  • თუ იყენებთ ფენს, გაშრობამდე გამოიყენეთ თერმოდაცვისთვის განკუთვნილი პროდუქტი;

  • გაიშრეთ თმა გრილი ჰაერის ნაკადით, თმის ზრდის მიმართულებით - ანუ ძირებიდან ბოლოებისკენ. ასეთი მეთოდით გაშრობის შემდეგ თმა კიდევ უფრო პრიალა იქნება.



Comments


bottom of page