top of page

თმის და თავის კანის მოვლის პოპულარული საშუალებები

მინოქსიდილი


მინოქსიდილი თმის ცვენის სამკურნალო ყველაზე პოპულარული პრეპარატია, რომელსაც მთელ მსოფლიოში აქტიურად მოიხმარენ. არსებობს მინოქსიდილის შინაგანად მისაღები აბები და კანზე წასასმელი 5% ლოსიონი. თმის ცვენის შესაჩერებლად გამოიყენება ლოსიონი, რომელსაც დაიტანენ თავის კანზე ან სახეზე (წვერის ცვენის შესაჩერებლად).


დოზირება

ერთ ჯერზე გამოიყენება 5%-იანი მინოქსიდილის მხოლოდ 1 მლ. დოზის გადაჭარბებისას ძლიერდება ზრდის ეფექტი, მაგრამ კანის გაღიზიანების ალბათობაც იზრდება. მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოიყენება 1-ხელ ან 2-ჯერ დღეში. მინოქსიდილის კანზე დატანის შემდეგ 3-4 საათი თმა არ უნდა დასველდეს, ასევე არ შეიძლება ქუდის გამოყენება.


ანდროგენული ალოპეცია ქრონიკული დაავადებაა და ამ დროს მინოქსიდილი ინიშნება მუდმივად გამოსაყენებლად. თერაპიის შეწყვეტის შემთხვევაში, 3-4 თვის შემდეგ თავს იჩენს „შეწყვეტის სინდრომი“ - განახლდება თმის ცვენა.

თუ თმის ცვენა დაკავშირებულია ჰორმონალურ დარღვევებთან, სტრესთან, ვიტამინების ნაკლებობასთამ ან სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით არის გამოწვეული, მინოქსიდილს იყენებენ როგორც შემანარჩუნებელ თერაპიას, თმის ცვენის მიზეზის მკურნალობის პარალელურად.


მინოქსიდილის გამოყენებისას საჭიროა გარკვეული წესების დაცვა:

  • ინახება მშრალ, გრილ ადგილას, +20-25°С ტემპერატურაზე.

  • გამოყენების შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ;

  • ნივთიერება არ უნდა მოხვდეს სხეულის ან სახის სხვა არეზე, რათა არასასურველი თმის ზრდა არ გამოიწვიოს;

  • თვალში მოხვედრის შემთხვევაში კარგად უნდა ამოიბანოთ გამდინარე თბილი წყლით;

  • არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას;

  • თუ გარკვეული მიზეზების გამო, გამოტოვეთ პროცედურა, არ დაიტანოთ შემდეგი გამოყენებისას გაორმაგებული რაოდენობით;

  • არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ფსორიაზი, დერმატიტი ან თავის კანის ტრავმული დაზიანებები;

  • პრეპარატი არ არის განკუთვნილი წარბებისა და წამწამების ზრდის სტიმულაციისთვის.

ახალგაზრდა მამაკაცი ისვამს თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონს წვერზე

მინოქსიდილი და მეზოროლერი


მინოქსიდილის შეწოვის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით, საშუალო სტადიის ალოპეციის დროს, პრეპარატი რეკომენდებულია გამოიყენოთ მეზოროლეთან კომბინაციაში. სახის ან თავის კანზე მინოქსიდილის დატანის შემდეგ ტარდება პროცედურა მეზოროლერით. მეზოროლერის გამოყენება საკმარისია კვირაში ან 10 დღეში 1-ხელ.


ბიოტინი


ბიოტინი B7 ვიტამინია. გამოიყენება როგორც შინაგანად მისაღებად ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად-ების) სახით, ასევე თმის მოვლის საშუალებებში თავის და სახის კანზე დასატანად. ბიოდანამატების მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და გამოკვლევა, ნამდვილად გაქვთ თუ არა B7 ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში.

კანზე დასატანად ბიოტინის გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე შეგიძლიათ. ბიოტინი შედის თმის ცვენის საწინააღმდეგო თითქმის ყველა ეფექტურ სამკურნალო შამპუნში და შრატში. ასევე, გამოიყენება დამოუკიდებლადაც, ზეთის, სერუმის ან ლოსიონის სახით.


როგორ მოქმედებს ბიოტინი თმაზე

  • ბიოტინი ასტიმულირებს ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავებას. კოლაგენი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს უჯრედების რეგენერაციას, თმის ზრდას და მათ ბზინვარებას;

  • ბიოტინი აფერხებს თმის ბოლოების გაყოფას;

  • ეფექტურია სეზონური ცვენის ან დაზიანებული, მტვრევადი თმის კორექციისთვის;

  • ბიოტინი ანიჭებს თმის პიგმენტს მეტ სიმკვეთრეს;

  • არსებობს მოსაზრება, რომ ეფექტურია ჭაღარის პროფილაქტიკისთვისაც, თუმცა კვლევებით დადასტურებული არ არის;

  • ბიოტინი იცავს თავის კანს ქერტლის გაჩენისგან და ზედმეტი ცხიმიანობისგან.


ბიოტინით მდიდარი პროდუქტები


ბიოტინით მდიდარი პროდუქტებია: ღვიძლი, კვერცხი, სოიო, სოკო, ისპანახი, პომიდორი, სტაფილო, კომბოსტო, ავოკადო, ნუში, მზესუმზირა, თევზი, რძის ნაწარმი. როგორც ხედავთ, ორგანიზმის ბიოტინით გასამდიდრებლად საკმარისია კვების რაციონის დაკორექტირება, რაც არც ისე რთულია.

ფოტოზე გამოსახულია ბ7 ვიტამინით მდიდარი პროდუქტი: ღვიძლი, კვერცხი, სოკო, ბროკოლი, ავოკადო, ლობიო, ნუში, თევზი, ხორცი, პამიდორი

როზმარინი

თმის გასაჯანსაღებლად და ცვენის შესაჩერებლად ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტი როზმარინია. როზმარინის ზეთი, ნაყენი ან ნახარში მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით.

როზმარინი მარადმწვანე მცენარეა და მისი ფოთლები უძველესი დროიდან გამოიყენება არა მხოლოდ სანელებლად, არამედ სხვადასხვა კოსმეტიური საშუალებების დასამზადებლად. როზმარინის ფოთლებში შემავალი ნივთიერებები აახალგაზრდავებს კანს, ებრძვის გამონაყარს, ხსნის სტრესს და ავლენს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.


როზმარინი უმკლავდება თმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას - ნახარში და ნაყენი კონდიცონეების პოპულარული ალტერნატივაა, როზმარინის ზეთი კი ააქტიურებს თმის ფოლიკულებს და აჩქარებს ზრდას.

ფოტოზე გამოსახულია როზმარინის გამშრალი, დაფშვნილი ფოთლები და ცოცხალი როზმარინის ტოტები

როზმარინის სასიკეთო გავლენა თმაზე

  • ამაგრებს უსიცოცხლო, თხელ თმას;

  • ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, რაც უზრუნველყოფს ფოლიკულების ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით მომარაგებას. შედეგად, თმა იზრდება ბევრად სწრაფად;

  • ხელს უშლის თმის ცვენას;

  • მკურნალობს თავის კანს, რადგან ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ეფექტურია ქერტლის, სებორეის და კანის სხვა დააავადების სამკურნალოდ;

  • ეფექტურია ჭაღარის პროფილაქტიკისთვის;

  • აღადგენს თმის სტრუქტურას;

  • თმას არბილებს და ანიჭებს ბრწინვალებას.


ჟოჟობას ზეთი


ჟოჟობას ზეთი, მასში შემავალი მკვებავი ნივთიერებების წყალობით, ხელს უწყობს თმის და თავის კანის გაჯანსაღებას. იგი ეფექტურია თხელი, მტვრევადი თმის, გაყოფილი ბოლოების სამკურნალოდ. თავის კანზე დატანის შემთხვევაში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აქტიურებს თმის ფოლიკულებს, ხელს უწყობს თმის ზრდას.

თმის გაყოფილი ბოლოების სამკურნალოდ: ჟოჟობას ზეთის 1-2 წვეთი დაიწვეთეთ ხელისგულზე და გაახურეთ ხელის მტევნებს შორის. დაიტანეთ თითებით დაბანილ, ნოტიო თმაზე შუა ნაწილიდან ბოლომდე.

ცხიმიანი ტიპის თავის კანისთვის ჟოჟობას ზეთი დაიტანება თმის ძირებში: ჟოჟობას ზეთი სწრაფად შეიწოვება, არეგულირებს სებუმის გამოყოფას და აშორებს ზედმეტ ცხიმს.

ჟოჟობას ნაყოფი გამჭვირვალე ჯამში და ბოთლში ჩახსმული ჟოჟობას ზეთი

მეზოროლერი


მეზოროლერის დადებითი გავლენა თმის ცვენის შესაჩერებლად და ზრდის სტიმულაციისთვის დადასტურებულია კლინკური კვლევებით.

მეზოროლერის უწვრილესი ნემსები პროცედურის დროს თავის კანზე აჩენს მიკროდაზიანებებს. ამ მიკროტრავმების სამკურნალოდ ორგანიზმი იწყებს კოლაგენის გამომუშავებას. კოლაგენი ხელს უწყობს თავის კანის უჯრედების რეგენერაციას. მეზოროლერით პროცედურის დროს სტიმულირდება სისხლის მიმოქცევა, შედეგად კი, უმჯობესდება თმის ფოლიკულების მომარაგება ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით. აქტიურდება ფოლიკულები, მცირდება თმის ცვენა, სტიმულირდება ახალი თმის ზრდა.

მეზოროლერთან ერთად სამკურნალო საშუალებების გამოყენება, კიდევ უფრო აძლირებს მკურნალობის ეფექტს, რადგან პროცედურის დროს გაჩენილი მიკროარხებიდან სამკურნალო ნივთიერებები და შრატები შეიწოვება თითქმის მთლიანად და ძლიერდება მათი სასიკეთო გავლენა.

თმის ცვენის სამკურნალოდ მეზოროლერი გამოიყენება 7-10 დღეში ერთხელ.

მეზოროლერი ინდივიდუალური ნემსებით, მწვანე როლერი გამჭვირვალე სახელურით

コメント


bottom of page