ჰიალურონის მჟავა
- dermisantiaging
- Jan 25, 2023
- 4 min read
Updated: Aug 20, 2023
ჰიალურონის მჟავა მედიცინის ენაზე, არის არასულფირებული გლიკოზამინოგლიკანი, უჯრედშორისი მატრიქსის კომპონენტი და ორგანული პოლისაქარიდი.
ჰიალურონის მჟავა პოპულარულ ენაზე: ორგანული ნივთიერებაა, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის და ქსოვილის მიერ. ყველაზე დიდ წილს გამოიმუშავებს ჩვენი სახსრების ხრტილების მოლეკულები, თვალის კაკალი, თავის ტვინი, გულის სარქველები, ნერწყვი და კანი. ადამიანის ორგანიზმში არსებული ჰიალურონის მჟავის ნახევარზე მეტს სწორედ კანი შეიცავს.

ჰიალურონის მჟავის ძირითადი ფუნქციაა წყლის ბალანსის შენარჩუნება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. ატენიანებს უჯრედებს, უნარჩუნებს მათ ახალგაზრდობას და ფუნქციონირების უნარს. ასევე, ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს უჯრედთა ზრდას და აღდგენას.
ჰიალურონის მჟავას აქვს გასაოცარი უნარი - მის ერთ მოლეკულას შეუძლია შეიერთოს თავის მასაზე 1000-ჯერ მეტი მასის მქონე წყალი. ე.ი. 1 გრამ ჰიალურონს შეუძლია შეიერთოს 6 ლიტრამდე წყალი, მაგრამ უჯრედის წყლით „გადავსება“ შეუძლებელია - ასეთია ჰიალურონის მჟავის უნიკალური თვისება.
სწორედ ამ გასაოცარი თვისებების გამო ჰიალურონის მჟავა გახდა ასეთი მოთხოვნადი მედიცინაში, სილამაზის და თავის მოვლის სფეროში.

თუ ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰიალურონის მჟავას, მაშინ რატომ გვჭირდება მისი დამატება სხვადასხვა საშუალებებით?
ორგანიზმის 1 კილოგრამზე მოდის 0,2 გრამი ჰიალურონი, მაგალითად, 65 კგ ადამიანის ორგანიზმი შეიცავს მხოლოდ 14 გრამ ჰიალურონის მჟავას, მისი მესამედი (5 გრამი) კი, ყველდღიურად იშლება და სინთეზირდება.
ჰიალურონის მჟავის დაშლა ძლიერდება ულტრაიისფერი სხივების გავლენით, კანის უჯრედებში წყდება მისი სინთეზიც. მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების გამო, კანი ხდება მშრალი და გაუწყლოებული, ჩქარდება დაბერების პროცესი;
ტრავმებისა და ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მისი შემცველობა კანის ქსოვილებში გაცილებით მცირდება, რადგან იზრდება მისი მოხმარება დაზიანებული ქსოვილების და ორგანოების აღსადგენად;
ჰიალურონის მჟავის წარმოქმნაზე გავლენას ახდენს მრავალი გარე ფაქტორი: მავნე ჩვევები, არასწორი კვება, სტრესი, ეკოლოგია, უხარისხო სასმელი წყალი.
ჰიალურონის მჟავის გამომუშავება მცირდება ასაკთან ერთად. საკმარისი რაოდენობის ჰიალურონი გამომუშავდება დაახლოებით 25 წლის ასაკამდე. 25 წლის შემდეგ მისი სინთეზი მცირდება ესტროგენებისა და პროგესტერონის დაქვეითების გამო. 40 წლის შემდეგ, ჰიალურონის მჟავის არასაკმარისი რაოდენობის გამო, ორგანიზმი ვეღარ გამოიმუშავებს კოლაგენის და ელასტინის საჭირო რაოდენობასაც. შესაბამისად, თუ ჰიალურონის მჟავა ორგანიზმში არასაკმარისი რაოდეობითაა, ვლინდება დაბერების პირველი ნიშნები - კანის სიმშრალე, კანის არათანაბარი ფერი.

ჰიალურონის მჟავის ტიპები
ჰიალურონის მჟავის მოლეკულები შეიძლება იყოს სხვადასხვა შენების. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს, თუ რა თვისებები აქვს ჰიალურნის მჟავის ამა თუ იმ სახეობას.
დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა
აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და გამოიყენება სხვადასხვა ტიპის გამონაყარის, კომედონების და კანის სხვადსხვა დაავადებებისთვის, როგორიცა ფსორიაზი. დაბალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავას იყენებენ კოსმეტიკურ კრემებში და შრატებში, რადგან მას აქვს უნარი შეაღწიოს ღრმად ეპიდერმისის შრეებში.
საშუალო მოლეკულური ჰიალურონის მჟავა
ასტიმულირებს უჯრედების გაყოფას და საკუთარი ჰიალურონის მჟავას სინთეზს. ყველაზე ხშირად გამოიყენება თვალის დაავადებების და ართრიტების სამკურნალოდ.
მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა
ეს სახეობა ყველაზე მოთხოვნადია კოსმეტოლგიაში, რადგან ქსოვილებში დიდხანს ნარჩუნდება. მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა იერთებს და იკავებს წყლის უფრო მეტ რაოდენობას, ვიდრე სხვა სახეობები. გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და მედიცინაში. არ გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებში. ჰიალურონის მჟავის დანაკლისის შევსებით, შესაძლებელია დაბერების პროცესის შენელება.

ასევე, გასათვალისწიებელია ყოველდღიური ჩვევების კორექცია:
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა (სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების გამოყენების შეწვეტა);
წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება დღის განმავლობაში. ჯანმრთელ ადამიანს დღეღამეში სჭირდება 35 მლ წყალი სხეულის მასის 1 კილოგრამზე (თუ ადამიანი იწონის 60 კგ-ს, 60X0,35= 2.1 ლ. წყალი)
სწორი კვება, რაციონში ისეთი პროდუქტების დამატება, რომლებიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას (ხორცის ან ხრტილის ბულიონები, პარკოსნები, სოიო, ბურღულეული, კარტოფილი, ჭარხალი და სხვა სახამებლის შემცველი პროდუქტები);
კანის მოვლის ყოველდღიური რუტინა, დატენიანება და ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებების გამოყენება;
ძილის ჰიგიენა (დაძინება 10-11 საათზე, 8-9 საათის ხაგრძლივობის ძილი);
მზის პირდაპირი სხივებისგან დაცვა;
ჰიალურონის მჟავა და მისი გამოიყენება:
ოფთალმოლოგიაში და თვალის ქირურგიაში, კონტაქტური ლინზების წარმოებაში;
ორთოპედიაში: სახსრების და ძვლის დაავადებების სამკურნალოდ;
ქირურგია: ჭრილობების მკურნალობა, ტროფიკული წყლულები, დამწვრობები;
საკვები დანამატები;
კანის მოვლა;
ინექციური კოსმეტოლოგია: ფორმების კორექცია, ოვალის მოდელირება, შევსება.
ჰიალურონის მჟავა კოსმეტოლოგიაში
ბოლო წლებში ძალიან პოპულარულია ჰიალურონის მჟავის შემცველი კრემები, ლოსიონები, ნიღბები, შრატები, ტუჩსაცხები და ა.შ.
არსებობს მოსაზრება, რომ გამოყენების ეს ფორმა არაეფექტურია, რადგან ჰიალურონის მოლეკულის დიამეტრი უფრო მეტია, ვიდრე კანის მოლეკულებს შორის არსებული სივრცე. თუმცა კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს: ჰიალურონის მჟავა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არის კანის ზედაპირზე, ხვდება როგორც მის ზედა შრეებში, ასევე დერმაშიც (უფრო ღრმა შრეში) და ინტენსიურად ატენიანებს მას.
ჰიალურონი გამოირჩევა გასაოცარი დამატენიანებელი ეფექტით:
იზიდავს წყლის მოლეკულებს და ინარჩუნებს მათ;
იცავს ნეგატიური გარე ფაქტორებისგან;
მონაწილეობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში;
ფერის გაუმჯობესება, „მბრწყინავი“ კანი;
კანის სიმკვრივის მომატება;
მცირე ნაოჭების გასწორება;
კანის არათანაბრობის შემცირება;
დაბერების პროცესის შენელება.

ინექციური მეთოდები:
ჰიალურონის მჟავის ინექციები კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. მათი საშუალებით, შესაძლებელია შეუქცევადი ასაობრივი პროცესების (ღრმა და ზედაპრული ნაოჭების, ნაკეცების, მოშვებული კანის) კორექცია; შესაძლებელი გახდა ოვალის მოდელირება და მოცულობის დამატება სახის იმ ნაწილებში, რომლებიც ასაკთან ერთად დეფორმირდება ან განილევა.
ეფექტი შეიმჩნევა პროცედურის დასრულებისთანავე - კანი ხდება თანაბარი ტონის, ელასტიური და მკვრივი, ნაოჭები სწორდება.
ასეთი პროცედურების შედეგი თვალშისაცემია, თუმცა არა სამუდამო. მათი ეფექტი ნარჩუნდება საშუაოდ 8-12 თვის განმავლობაში. შემდეგ ნივთიერების ნაწილი გამოიდევნება ორგანიზმიდან, ნაწილი კი აითვისება, როგრც ნატურალური კომპონენტი.
ინექციური პროცედურების ტიპები ჰიალურონის მჟავას გამოყენებით
ბიორევიტალიზაცია
ეპიდერმისის და დერმის საშუალოდ განლაგებულ და ღრმა შრეებში ინექციებით შეჰყავთ ჰიალურონის მჟავა. ამ მეთოდით ხდება ფიბრობლასტების მუშაობის სტიმულაცია. ფიბრობლასტები კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია კოლაგენის და ელასტინის სინთეზზე. შედეგად ხდება კანის ღრმა დატენიანება და მისი გაახალგაზრდავება. ჰიალურონის მჟავა ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციის (თვითაღდგენის) პროცესს და ნივთიერებათა ცვლას.
ბიორევიტალიაზიას, როგორც წესი, ატარებენ კანის ღია ნაწილებზე, რომლებიც ზიანდება ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით - სახე, ყელი, დეკოლტეს ზონა, ხელები. ტარდება როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკის მიზნით.
მეზოთერაპია
მეზოთერაპიის საშუალებით კანის ღრმა შრეში - დერმაში შეჰყავთ სპეციალური პრეპარატი, რომელიც შედგება ჰიალურონის მჟავის, ამინომჟავების, A, C, E, P ჯგუფის ვიტამინებისგან. პროდუქტის ღრმად შეღწევადობის გამო პროცედურა გამოირჩევა მაღალეფექტურობით. შეყვანის შემდეგ ნივთიერება იწყებს ურთიერთქმედებას წყლის მოლეკულებთან, წარმოქმნის გელის კონსისტენციის მასას, რომელიც ავსებს ნაოჭებს და ათანაბრებს კანის რელიეფს.
ინექციური კონტურული პლასტიკა
გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი კოსმეტოლოგიაში და პლასტიკური ქირურგის ალტერნატივა. ერთ საათიანი პროცედურის შედეგად შესაძლებელია ასაკობრივი კოსმეტიკური ცვლილებების აღმოფხვრა, კონტურების და საჭირო მოცულობის აღდგენა.
კონტურული პლასტიკით შესაძლებელია:
წარბებს შორის ნაოჭების და ცხვირ-ტუჩის ნაკეცის გასწორება;
სახის ოვალის კორექცია;
წვრილი ნაოჭების, როგორიცაა „ბატის თათის“ (კისეტური ნაოჭების) გასწორება;
ტუჩის, ცხვირის და ნიკაპის ფორმების კორექცია;
ტუჩის მოცულობის გაზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა საკმაოდ უსაფრთხოა, გასათვალისწინებელია წინააღმდეგჩვენებები:
ორსულობა და ლაქტაცია;
აუტოიმუნური დაავადებები;
ონკოლოგიური დაავადებები;
შაქრიანი დიაბეტი;
ინფექციური დაავადებები;
ჰერპესის მწვავე ფორმა;
სისხლის შედედების უნარის დაქვეითება;
ჰიპერმგრძნობიარე კანი;
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;
ასევე, არარეკომენდებულია პროცედურის ჩატარება ლაზერული და ქიმიური პილინგების შემდეგ.
გვერდით მოვლენები
ჰიალურონის მჟავა საკმაოდ უსაფრთხო ინგრედიენტია, ნებისმიერი ტიპის კანისთვის, თუმცა კოსმეტიკურმა საშუალებამ ჰიალურონის შემცველობით შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ამიტომ გამოყენებამდე აუცილებელია შემადგენლობის ჩამონათვალის წაკითხვა. ასევე, ნუ დაიტანთ კოსმეტიკურ საშუალებას პირველივე გამოყენებისას მთელს სახეზე. ჯერ შეამოწმეთ მაჯის ან იდაყვის შიდა მხარეს (ხელის დაბანისას რომ არ ჩამოირეცხოს), კანის მცირე მონაკვეთზე წასმით. დატოვეთ კრემი ან შრატი კანზე მთელი დღის განმავლობაში და დააკვირდით კანის რეაქციას. თუ ხართ ალერგიული ან გაქვთ მგრძნობიარე კანი, შეგიძლიათ ეს ტესტი გაიმეოროთ რამდენიმე დღის (7-10) განმავლობაში. თუ კანი გაწითლდა, შეშუპდა, დაგეწყოთ ქავილის შეგრძნება, კანის აქერცვლა ან დისკომფორტი, არ გამოიყენოთ ასეთი კოსმეტიკური საშუალება.
რაც შეეხება ინექციურ მეთოდებს
ჰიალურონის მჟავის პოპულარობის გამო, გაჩნდა ბევრი საეჭვო მწარმოებელიც. ამიტომ ნივთიერების შეყვანამდე მოითხოვეთ პროდუქტის სერტიფიკატი. ასევე, პრეპარატი უნდა გაიხსნას პროცედურის წინ, თქვენი თანდასწრებით.
პროცედურის შემდეგ შეიძლება იყოს უმნიშვნელო გართულებები:
ინექციის ადგილას მტკივნეულობა;
სიწითლე და შეშუპება;
ჰემატომები.
პროცედურამდე, გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სანდო და გამოცდილ კოსმეტოლოგთან.
Comments